მასგნიტსკის აქტის ავტორის, ბილ ბრაუდერის განცხადებით, აშშ-მა ოთარ ფარცხალაძის დასანქცირებით "ძალიან სერიოზულად დაგმო საქართველოს ხელისუფლება".
ფორმულასთან ინტერვიუს დროს მან ხაზგასმით განმარტა, რომ ადამიანის დასანქცირების შემთხვევაში, დანაშაულის არსებობის "სერიოზული მტკიცებულებები" არსებობს.
გარდა ამისა, ბრაუდერი ვარაუდობს, რომ საქართველოსთან მიმართებით კონკრეტული პირების სანქცირება გაგრძელდება.
"ყველა სანქცირებული პირის უკან, სავარაუდოდ, 50 სხვა სუბიექტი დგას სიაში, რომლებიც ჯერ არ არიან მიახლოებული სანქცირების კონდიციას. როდესაც ვინმე შეყვანილია სანქციების სიაში, ეს ნიშნავს, რომ არსებობს აბსოლუტურად მყარი მტკიცებულებები იმისა, რომ მათ ჩაიდინეს დანაშაულები.
სანქცირება არის ძალიან მაღალი ბარიერის მქონე მექანიზმი და ამ ზომების მიღებით აშშ-მა ძალიან სერიოზულად დაგმო საქართველოს ხელისუფლება, რომელიც, როგორც ყველამ ვიცით, პუტინისა და რუსეთის მიმართულებით მოძრაობს. ეს შინაარსსა და აზრსაა მოკლებული, რადგან ეს მიმართულება არ პასუხობს ქართველი ხალხის სურვილებს. რუსეთი საქართველოში შემოიჭრა, ისევე როგორც უკრაინაში. რუსეთმა მიიტაცა საქართველოს 20%. ამიტომ ვხედავთ სანქციებს საქართველოსთან მიმართებით და ჩემი ვარაუდია, რომ ეს გაგრძელდება და უფრო მეტი პირი შევა სანქცირებულთა სიაში"- ამბობს ბრაუდერი.
14 სექტემბერს აშშ-მა ყოფილ მთავარ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს სანქციები დაუწესა. სახელმწიფო დეპარტამენტში აღნიშნეს, რომ რუსეთს უსაფრთხოების ფედერალური სამსახური ფარცხალაძეს ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე რუსეთის სასარგებლოდ გავლენის მოსახდენად იყენებდა.
18 სექტემბერს, სანქცირებულ ოთარ ფარცხალაძეს მის საკუთრებაში არსებულ საბანკო ანგარიშებზე წვდომა შეეზღუდა - სებ-ის განცხადების თანახმად, ფარცხალაძეს საერთაშორისო ფინანსური სანქციების აღსრულების მექანიზმის გათვალისწინებით, ეზღუდება როგორც სახსრების განკარგვა, ისე ყველა სახის ფინანსური ოპერაციის განხორციელების შესაძლებლობა.
ოთარ ფარცხალაძე საქართველოს გენერალური პროკურორის თანამდებობას 2013 წლის 7 ნოემბრიდან 30 დეკემბრამდე იკავებდა.
ფარცხალაძისთვის სანქციები დაწესებულია უკრაინაში ომის გამო რუსეთისთვის დაწესებული სანქციების ფარგლებში. სახელმწიფო დეპარტამენტის დოკუმენტში ფარცხალაძე "ქართველ-რუს ოლიგარქად" არის მოხსენიებული და წერია, რომ რუსეთის ეკონომიკის მართვის საკონსულტაციო სექტორში საქმიანობს.
სანქციების ქვეშ მოყვა ალექსანდრ ონიშენკო, რომელიც რუსეთის უსაფრთხოების სამსახურის (FSB) ოფიცერია, რომელიც, სავარაუდოდ, ფარცხალაძეს რუსული პასპორტისა და მოქალაქეობის მიღებაში დაეხმარა.